ანონსები
უახლოეს მომავალში საქართველოს უნივერსიტეტი იქნება პირველი სივრცე, სადაც მობილურ აპლიკაციებს შექმნიან.
საქართველოს უნივერსიტეტი და (დეველოპერული) კომპანია "ლემონდუ" აარსებს მობილური აპლიკაციების პირველ ტრენინგ-ცენტრს საქართველოში, სადაც საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები და სხვა მსურველები მობილური აპლიკაციების შექმნას დაეუფლებიან უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ტრენერების დახმარებით და ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
UG Lemondo-ს ტრენინგ-ცენტრი სწავლების თვალსაზრისით უნიკალურია რადგან ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც პროცესში ერთდროულად ერთვება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ლიდერი დეველოპერული კომპანია.
კურსზე დარეგისტრირებულ პირებს - დეველოპერებს შეეთავაწებათ სრულყოფილი სასწავლო კურსი iOS-ისა და Android-ის პროგრამირებისთვის.
სწავლება ორიენტირებულია საბაზრო მოთხოვნებზე და მსურველებს აძლევს არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული განათლების მიღების შესაძლებლობას.
UG Lemondo-ს ტრენინგ ცენტრში დარეგისტრირება დაიწყება 1 მაისს iOS -ის ინტენსიურ კურსზე.
საგულისხმოა, რომ სასწავლო კურსი მოიცავს კონკრეტულ ბიზნეს ამოცანებზე ანაზღაურებად მუშაობას.
2015 წელი საქართველოს უნივერსიტეტში ტექნოლოგიური და საინჟინრო განვითარების კუთხით გამორჩეულია. სწორედ წელს იწყებს უნივერსიტეტი არა მხოლოდ მობილური აპლიკაციების ტრენინგებს, არამედ ელექტრონული რობოტიკისა და ინჟინერიის მიმართულებით მაღალტექნოლოგიური სიახლეების ტალღას, რაც საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის, ინჟინერიისა და მათემატიკის სკოლას მოწინავეს ხდის ტექნოლოგიური ინოვაციების კუთხით.